abg.org.ge

  

გიორგი  ცუცქირიძე: "კარგი შანსი გვაქვს დეფიციტურიდან პროფიციტურ მოდელზე გადავიდეთ"

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
გიორგი ცუცქირიძე: "კარგი შანსი გვაქვს, რომ დეფიციტურიდან პროფიციტულ მოდელზე გადავიდეთ"

თემაზე თუ რა განაპირობებდა ორმაგი დეფიციტის პირობებში, ბიუჯეტის დეფიციტთან და, საგადამხდელო ბალანსის დეფიციტთან ერთად, ეკონომიკის ფუნქციონირებას და რა ზეგავლენას მოახდენს ეკონომიკაზე ბიუჯეტის შემოსავლების გადაჭარბებით შესრულება „ჯორჯიან თაიმსი“ საქართველოს ბანკების ასოციაციის დირექტორს, პროფესორ გიორგი ცუცქირიძეს ესაუბრა.

- ფინანსთა მინისტრის მოხენების თანახმად ქვეყნის გასული წლის ბიუჯეტი საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით 131.5 მლნ. ლარით არის შესრულებული, ამასთან ერთად კლება შეინიშნება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მიხედვითაც, გასულ წლებთან შედარებით. რამდენად მნიშვნელოვანია დეფიციტის შემცირება ზოგადად ეკონომიკისათვის და რისი შედეგია ?

გიორგი ცუცქირიძე: თუ თვალს გადავალებთ თუნდაც ბოლო ოცი წლის სტატისტიკას ვნახავთ, რომ ჩვენი ეკონომიკა ჩამოყალიბდა ორმაგი დეფიციტის პირობებში ანუ როდესაც ქვეყნის ეკონომიკაში ერთსა და იმავე დროს ორი დეფიციტია - ფისკალური დეფიციტი და საგადამხდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. რაც შეეხება მიზეზებს, მისი გამომწვევი მიზეზი ერთი და ორი არ არის, მაგრამ ვღნიშნავ, რომ მთავარი მიზეზი ჭარბი სახელმწიფო ხარჯებია, რომლებიც ვერ ფინანსდება შემოსავლებით. ორმაგი დეფიციტის პირობებში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები პირდაპირ აისახება ქვეყნის მიმდინარე ანგარიშის ბალანსზე;

ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა, განსაკუთრებით გრძელვადიან პერიოდში, ქვეყნის მიმდინარე ანგარიშის ბალანსსაც აუარესებს. რადგან ჭარბი სახელმწიფო ხარჯები ასევე ჭარბ კერძო მოხმარებას იწვევს, რაც ეროვნულ დანაზოგს ამცირებს და საგარეო ვალის ზრდას იწვევს, ანუ ფისკალური დეფიციტი, ამავდროულად მიმდინარე ანგარიშის დეფიციტსაც იწვევს. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება აქტუალური თუ დეფიციტი გრძელვადიან პერიოდებშია გაწელილი.

ისე არ უნდა გავიგოთ თითქოს ორმაგი დეფიციტის მოდელი ეკონომიკისათვის ცალსახად მხოლოდ უარყოფითი ზეგავლენის მომტანი იყოს. ორმაგი დეფიციტის მოდელი ძირითადად ფუნქციონირებს განვითარებად ქვეყნებში და თუ ბოლო წლებში ყველაზე მზარდი ეკონომიკების ქვეყნების ანალიზს მოვახდენთ, სადაც ეკონომიკის ზრდა 7 % და მეტი იყო, ვნახავთ რომ მათ უმრავლესობას გარდა ჩინეთისა სწორედ ორმაგი დეფიციტის მოდელი ჰქონდა აღებული(ინდოეთი, ეთიოპია, ლაოსი, კოტ დივუარი, კამბოჯა, ტანზანია, ბუტანი, რუანდა). უნდა აღინიშნოს, რომ ამ ქვეყნების ნაწილს სულაც გაცილებით მაღალი დეფიციტი ჰქონდა, ვიდრე ჩვენ.

ამდენად, ეკონომიკური ზრდა მაღალი დეფიციტის პირობებშიც არის შესაძლებელი, თუმცა აფრიკისა და აზიის ამ ქვეყნების მაგალითიდანაც ჩანს, რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მისი გამოყენება არის არასასურველი, რადგან მიუხედავად ზრდისა, იგი მიმდინარეობს საგარეო ვალის ზრდის და საგადამხდელო ბალანსის გაუარესების პირობებში, რაც დასაქმების და ზოგადად ეკონომიკის მოწყვლადობის პრობლემას ვერ გადაჭრის. მათი უმრავლესობა ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლებით, ესევ ღარიბ ქვეყნებად რჩებიან.

- ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საგადასახადო რეფორმას უნდა მოყოლოდა საბიუჯეტოც, რასაც მთავრობის ზომის მშპ-სთან თანაფარდობის შემცირება უნდა მოყოლოდა, რაც არ მოხდა. პირიქით, საგარეო ვალი კიდევ უფრო იზრდება. რამდენად ნეგატიურად ზემოქმედებს ეს ფაქტორი ეკონომიკურ ზრდაზე ?

გიორგი ცუცქირიძე: პირველ რიგში უნდა ავღნიშნო, რომ მთავრობამ 2016 წლის ბოლოდან მოყოლებული მნიშვნელოვანი ფისკალური რეფორმა გაატარა, რომლის ნაწილიც არის საგადასახადო რეფორმა, მათ შორის ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ასევე მნიშვნელოვანია მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე გადასვლა, ადგილობრივი წარმოების შემდგომი სტიმულირების თვალსაზრისით, რამდენადაც ინვესტიციები, რომლებიც ხელს უწყობს მოგების რეპატრიაციას ძირითადად საქართველოში საგარეო ვაჭრობასთან კავშირის არმქონე დარგებშია წარმოდგენილი, და შესაბამისად ნაკლებად იძლევა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესების შესაძლებლობას.

მიმაჩნია, რომ თავად ფისკალური რეფორმა, რომელიც მოიცავს როგორც საგადასახადო ნაწილს, ასევე ბიუჯეტსაც საერთო ჯამში უნდა შეფასდეს წინგადადგმულ მოდელად და რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მოხსენებაშიც სამართლიანად არის აღნიშნული. არ დავეთანხმებოდი მოსაზრებას, რომ მთავრობამ საბიუჯეტო დანახარჯების შემცირებაზე უარი თქვა და საბიუჯეტო დეფიციტის დაფარვას, გაზრდილი აქციზის გადასახადით და ვალების აღებით აპირებს, გამომდინარე იქედან თითქოს მთავრობის ზომა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, რაც ესტონურ საგადასახადო რეჟიმს უნდა გამოეწვია, არ მცირდება.

მართალია, აქციზის ზრდა ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ კომპონენტს-მოხმარებას ამცირებს, მაგრამ მას ჰქონდა ერთჯერადი ეფექტი და მშპ-ს ზრდის ტემპზე მისი უარყოფითი მოქმედებაც პირობითია. თუნდაც ის ფაქტი, რომ 2017 წელს მშპ-ის ზრდის ტემპი საპროგნოზო მაჩვენებლზე, რაც 4 %-ის ფარგლებში იყო, მეტი დაფიქსირდა(4.7 %). ბუნებრივია, თუ საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობზე ფასების ზრდა მომავალშიც გაგრძელდება, რაც გაზრდის ინფალაციურ რისკებს, აქციზის გადასახადის შემცირება შეიძლება დადგეს კიდეც დღის წესრიგში.

არანაირ სიახლეს არ წარმოადგენს იმის მტკიცება, რომ რაც უფრო ნაკლებია წმინდა ბიუროკრატიული ხარჯის წილი ბიუჯეტის მთლიან ანუ ე.წ. საოპერაციო ხარჯებში, მით მეტია მისი ეფექტიანობა. ეს არის ეკონომიკის აქსიომა და უჩვენებს, რამდენად იაფი გვიჯდება მოსახლეობას მთავრობის დაფინანსება.

აქვე განვმარტავ, რომ საოპერაციო, ანუ მიმდინარე ხარჯები არ მოიცავს არაფინანსურ და ფინანსური აქტივების ზრდასთან დაკავშირებულ ხარჯებს, იგი მოიცავს მხოლოდ მიმდინარე ხარჯებს (სახელმწიფო შრომის ანაზღაურებაზე, საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული ხარჯების ჯამია), რომლებიც ერთჯერადია და გრძელვადიანი აქტივების შექმნას არ ემსახურება. მაგრამ იმის მტკიცება, რომ წარმოდგენილი ბიუჯეტი არაეფექტურად არის დაგეგმილი, სუბიექტური შეფასებაა.

მიმაჩნია, რომ მიმდინარე ეკონომიკური რეფორმის და მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, გასული 2016 ბოლოს დაწყებულმა ფისკალურმა რეფორმამ უზრუნველყო მაღალი ფისკალური მაჩვენებლები და ყველა დაგეგმილი ეკონომიკური პარამეტრის, მათ შორის ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულება.

ბუნებრივია, ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულება და გაზრდილი შემოსავლები იძლევა კარგ შესაძლებლობას, დაფინანსდეს მეტი ეკონომიკური პროგრამები და კაპიტალური ხარჯი, რაც ეკონომიკური ზრდისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

თუ ბიუჯეტის ხარჯების მაჩვენებელს 2012 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში განვიხილავთ, ვნახავთ, რომ მიმდინარე ხარჯების ხვედრითი წილის კლებისა და შესაბამისად, ეფექტურობის ზრდის ტენდენცია აშკარაა. მაგალითისთვის, თუ ადმინისტრაციული ხარჯების წილი მთლიან ხარჯებში 2012 წელს 38.5% იყო, 2017 წელს უკვე შემცირებული იყო 24.7 %-მდე, ხოლო 2018 წლის ბიუჯეტში 23.5%-მდეა დაწეული. 2021 წლისათვის შემცირდება 20.7%-მდე და პრაქტიკულად დავა ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე ევროპული ქვეყნების საშუალო დონეზე.

რაც შეეხება ბიუჯეტის დეფიციტის ზომას მშპ-სთან მიმართებაში, მოგეხსენებათ, 2017 წელს ბიუჯეტის დეფიციტის დონე 3.5 %-ის ფარგლებში იყო დაგეგმილი. 2018 წლის ბიუჯეტის თანახმად დეფიციტი მშპ-თან მიმართებაში განისაზღვრა 3.0%-ის ფარგლებში, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში შემცირდება 2.5%-მდე და შესაბამისობაშია „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პარამეტრებთან, რომლის ზღვრული მაჩვენებელი - 3%-ია.

ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ასევე მნიშვნელოვანია, რომ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების პარალელურად ხორციელდება მთავრობის საშუალოვადიან ჩარჩოში ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად შესაბამისი სახსრების მობილიზება, რაც ნაერთი ბიუჯეტის 8-9% -ს შეადგენს. დღეს სახელმწიფო ვალის მოცულობა მშპ-თან მიმართებაში - 44.2%-ია, რაც ასევე ნაკლებია მის ზღვრულ მაჩვენებელზე( 60%). თუმცა ქვეყნების არცთუ მცირე ნაწილისათვის არც 100%-ია უცხო (საბერძნეთი - 180%, იტალია - 132%, პორტუგალია - 130%, კვიპროსი - 107%, ბელგია 105%, სინგაპური - 112%).

მიმაჩნია, რომ საგარეო ვალის ზრდა სარეკომენდაციო ზღვრის ფარგლებში ნეგატიურ მაკროფაქტორად არ უნდა მივიჩნიოთ. პირიქით, ჩვენნაირ განვითარებად ეკონომიკას შესაძლოა, სჭირდებოდეს ნასესხები სახსრების მოზიდვა საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად, რა შემთხვევაშიც მიმდინარე ანგარიშის ახლანდელი დეფიციტი შეიძლება მომავალში გახდეს უფრო მაღალი ზრდის, უმუშევრობის შემცირების, ექსპორტის სტიმულირების და დანაზოგების წყარო.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მოხსენებაში სამართლიანად არის აღნიშნული ის პროგრესი, რაც ქვეყანამ ეკონომიკის ტრანსფორმაციის მიმართულებით გადადგა. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ სსფ-ის დასკვნით საქართველოს ეკონომიკის ზრდასთან და საგარეო პოზიციის გაუმჯობესებასთან ერთად, უკვე მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მოსალოდნელია ინფლაციის კლება, რაც არის ძალზე მნიშვნელოვანი, როგორც ფინანსური სტაბილიზაციის, ასევე საინვესტიციო ნაკადების ზრდის კუთხით.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის გრძელვადიანი პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 2017-2022 წლებში არა თუ რეგიონში, არამედ მთელ ევროპაში, ყველაზე მზარდი იქნება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებულ, სამთავრობო სტრატეგიის პოზიტიურ ხაიათს.

როგორც ზევით უკვე ავღნიშნე, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შესამცირებლად, ფისკალური პოლიტიკის კონსოლიდირება ზედმეტი ხარჯების შემცირების გზით ხორციელდება. ეს პირველ რიგში ეხება არაპრიორიტეტულ და მიმდინარე ხარჯებს, ეს პროცესი დაწყებულია როგორც სამინისტროებში, ასევე რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია მუნიციპალურ სტრუქტუტურებში მთლიანად. მაგრამ ამასთანავე ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს შემცირებები შეეხება ათასობით ადამიანს და ბუნებრივია ატარებს სოციალურ ფაქტორსაც, მით უმეტეს დღევანდელი უმუშევრობის პირობებში. მაგრამ მთავრობას სხვა გამოსავალი რეალურად არც აქვს თუ მას სურს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მისაღებ დონემდე შემცირება და სწრაფი ეკონომიკური ზრდა.

2009 წელს, კონსოლიდირებული ბიუჯეტის დეფიციტმა 1.41 მილიარდი ლარი, ანუ მშპ-ის 6.8% , რაც ბოლო ათ წელიწადში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, და ამ წელს გვქონდა ყველაზე დაბალი ზრდის მაჩვენებელი, რაც სულაც უარყოფითი -3.8 პროცენტული მაჩვენებელი შეადგინა ანუ ეკონომიკის ვარდნაში აისახა, გლობალური კრიზისის და რუსეთთან სამხედრო კომფრონტაციის ორმაგი უარყოფითი ეფექტიდან გამომდინარე.

მართალია 2010-2012 წლებში ბიუჯეტის დეფიციტი შემცირდა და 2011 წელს ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულს 1,2 %-ს მიაღწია, რა დროსაც გვქონდა ყველაზე მაღალი ზრდა -7.2 %, მაგრამ ამავდროულად ძალზე მაღალი იყო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი- 2010 წელს -10.2 %, 2011 წელს-12.8 %, 2012 წელს- 11.7 %.

ნიშანდობლივია, რომ თუ ერთის მხრივ, ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება და ეკონომიკური ზრდა, დიდწილად ბრიუსელის საერთაშორისო დონორთა კონფერენციაზე გამოყოფილი მრავალმილიარდიანი საერთაშორისო დახმარებების შედეგი იყო, რამაც უზრუნველყო უცხოური ვალუტის შემოდინება ქვეყანაში, თუმცა თანმდევი მაღალი სახელმწიფო ხარჯებით, მეორეს მხრივ, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ზრდას შეუწყო ხელი იმპორტის ზრდამ(ლარის გამყარებით ეფექტური გაცვლითი კურსის ნაგატიური ზეგავლენის გამო), რასაც თან სდევდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების არა წარმოებაში, არამედ საგარეო ვაჭრობასთან კავშირის არმქონე სექტორებში შემოსვლა.

- ექსპერტები ასევე მიუთითებენ, რომ ჩვენ ეკონომიკას სწრაფი ზრდისათვის სჭირდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კიდევ უფრო გაზრდილი ნაკადები, თუნდაც მშპ-ის 20 %-ის დონეზე მაინც არსებულთან შედარებით (12 %) და რამდენად მოხდენს იგი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას?

გიორგი ცუცქირიძე: ბუნებრივია, რაც უფრო მეტი ინვესტიცია შემოვა ქვეყანაში, ეკონომიკისათვის კარგია, ხოლო კაპიტალის წმინდა შემოდინება, რომელიც დაკავშირებულია უცხოურ ინვესტიციებთან ახდენს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას, თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი გასათვალისწინებელი: ეს არის კაპიტალის შემოდინების სიდიდე. გაცილებით დიდმა ნაკადებმა თუ ისინი სამეწარმეო სექტორში არ შევიდა, შეიძლება გამოიწვიოს სავალუტო კურსის გამყარება, რამაც თავის მხრივ სერიოზული უარყოფითი ზეგავლენაც კი იქონიოს ადგილობრივი წარმოების დასაექპორტო დარგების სტიმულირებაზე, პირველ რიგში ექსპორტზე ეფექტური გაცვლითი კურსის ფაქტორის გამო, რასაც როგორც ავღნიშნე 2010-2012 წლებში ჰქონდა ადგილი.

ამიტომაც ითვლება, რომ ჩვენნაირ პატარა ეკონომიკებში კაპიტალის მაღალი ნაკადები ქმნის ეფექტური სავალუტო კურსის ზრდის ტენდენციას, რომელიც აფერხებს კონკურენტუნარიანობას, ხოლო შედარებით მცირე ნაკადებს თუ ისინი წარმოებაში მიემართება, უკეთესი შანსი აქვთ, რომ მათზე რეაგირება მოხდება ექსპორტის ზრდის საშუალებით. სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და მისი კომპონენტები, ამ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი;

მიმდინარე ანგარიშის ბალანსის დეფიციტის მაღალი დონე საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ მოწყვლადობის წყაროს წარმოადგენს. ბუნებრივია, მიმდინარე ანგარიში, განისაზღვრება როგორც კერძო დანაზოგებით და საინვესტიციო ნაკადებით, ასევე ფისკალური პოლიტიკით და მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებებით, რომლებიც საბოლოო ჯამში გავლენას ახდენენ, ექსპორტის კონკურენტუნარიანობაზე.

სხვადასხვა კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაახლოებით ორი მესამედი სტრუქტურულია და განპირობებულია დაბალი დანაზოგებით და მაღალი სახელმწიფო ხარჯებით, რამაც შეამცირა ეროვნული დანაზოგები. ეროვნული დანაზოგების კლებამ გამოიწვია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მუდმივი მაღალი მაჩვენებელი. ამასთან, საგარეო ვალის ზრდაც მშპ-სთან მიმართებაში, დიდწილად სწორედ მიმდინარე ანგარიშის უცვლელმა დეფიციტმა განაპირობა.

2017 წლის მესამე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 120.4 მლნ აშშ დოლარი (291.4 მლნ ლარი, შეადგინა, რაც მშპ-ს 2.9 პროცენტია და ბოლო წლებში ყველაზე დაბალ მაჩვენებელს წარმოადგენს. დეფიციტის შემცირება განაპირობა ერთის მხრივ, სავაჭრო ბალანსში, წმინდა ექსპორტის დადებითმა დინამიკამ (საქონლის ექსპორტი წლიურად 19.4 პროცენტით, ხოლო იმპორტი 7.7 პროცენტით გაიზარდა) და მეორეს მხრივ, მომსახურების ექსპორტის, განსაკუთრებით ტურიზმის, ზრდამ რომლის ექსპორტი წლიურად 32.3 პროცენტით გაიზარდა და 1.1 მლრდ აშშ დოლარი (2.6 მლრდ ლარი) შეადგინა. აღსანიშნავია, რომ თუ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს გამოვაკლებთ, წმინდა საპროცენტო ხარჯებს, მაშინ ე.წ. პირველად მიმდინარე ანგარიშის მაჩვენებელი სულაც პროფიციტული იქნება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის კორექტირება მოითხოვს სავაჭრო ბალანსის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ანუ ექსპორტის ზრდას.

დღეს ჩვენი ეკონომიკის პრობლემა დაკავშირებულია არა იმდენად ე.წ. ორმაგ დეფიციტთან, არამედ მის პროპორციებთან მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში. ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების პარალელურად, თუ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტიც თუნდაც გასული წლის მესამე კვარტლის საშუალო წლიურ მაჩვენებელის ფარგლებში(2.0-2,9%) იქნება, მაშინ საშუალოვადიან პერსპექტივაში მიმდინარე ანგარიშის სტრუქტურა და საგარეო ვალის სიდიდე ეკონომიკური ზრდის და კონკურენტუნარიანობის თავსებადი იქნება. რაც შეეხება შედარებით გრძელვადიან სტრატეგიას ჩვენ გვაქვს კარგი შანსი მუდმივი დეფიციტური მოდელიდან პროფიციტულ მოდელებზე გადავიდეთ ანუ სწრაფი ეკონომიკური ზრდა უზრუნველყოფილი იყოს დასაქმების და შემოსავლების ზრდით.

23.01.2018 19:17

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
გიორგი ცუცქირიძე: "ახალი სამთავრობო ინიციატივები მნიშვნელოვნად გაზრდის ხელმისაწვდომობას საკრედიტო რესურსებზე"
21.03.2018 13:05
გიორგი ცუცქირიძე: ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამები მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკური ზრდის, ასევე დასაქმების კუთხით"
21.03.2018 13:03
გიორგი ცუცქირიძე: "ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი მხოლოდ საბანკო სექტორზე არ არის დამოკიდებული"
21.03.2018 13:00
გიორგი ცუცქირიძე: "კარგი შანსი გვაქვს, რომ დეფიციტურიდან პროფიციტულ მოდელზე გადავიდეთ"
23.01.2018 19:17
გიორგი ცუცქირიძე: ეკონომიკა სწრაფი ზრდის ფაზაში შედის
23.01.2018 19:15
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, გლობალურად, საქართველოსთვის უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს
03.01.2018 19:52
გიორგი ცუცქირიძე: "ეკონომიკური ზრდის ძირითადი არსი არის ეროვნული შემოსავლის პროგრესიული ზრდა გრძელვადიან პერსპექტივაში“
03.01.2018 10:08
გიორგი ცუცქირიძე: საქართველო ტრანზიტული შემოსავლებიდან დამატებითი ღირებულების შექმნაზე უნდა გადავიდეს
03.01.2018 10:03
გიორგი ცუცქირიძე: საქართველოს ასეთი პროგრესული ფისკალური მოდელი არასდროს ჰქონია
20.10.2017 15:14
გიორგი ცუცქირიძე: სსფ-ის ცალსახა მხარდაჭერა ეკონომიკური რეფორმის წარმატებას უკავშირდება
17.10.2017 15:52
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 

ბანკირის სვეტი:
 



 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>