abg.org.ge

  

"კომერსანტის" გამოკითხვით ბანკების ასოციაცია 2015 წლის ბიზნეს ნომინაციის - წლის ყველაზე აქტიური დარგობლივი ასოციაცია - გამარჯვებული გახდა
English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
გიორგი ცუცქირიძე: „სერიული წარმოების ინდუსტრიის შესაქმნელად, უნდა ჩამოვაყალიბოთ სავაჭრო ჰაბები აქ დამზადებული პროდუქციის ნიშნით,

პირWელი: საბანკო სექტორში მიმდინარე რეფორმა რამდენად არის ორიენტირებული დაკრედიტების სტიმულირებასა და ლარიზაციაზე და მზად არის თუ არა საბანკო სექტორი ამ ახალი გამოწვევების მისაღებად?

გიორგი ცუცქირიძე: დღეს საბანკო სექტორში მიმდინარეობს უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელიც რისკების მიტიგაციას, საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას და ვადიანობის გაზრდის ამოცანას ემსახურება.

მაგალითისთვის ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის ახალი წესის შემუშავება, რომელიც 2017 წლის 1-ლი ივნისიდან ამოქმედდა, პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ეს ახალი რეგულაცია საკრედიტო ბაზრის მთლიან არეალს მოიცავს და თუ აქამდე მოქმედი რეგულაციები მხოლოდ კომერციულ ბანკებს ავალდებულებდა მომხმარებლებთან ურთიერთობის სპეციალური წესების დაცვას, ამიერიდან ეს ვალდებულება დაეკისრება სხვა საკრედიტო ინსტიტუტებსაც, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებს. მიმაჩნია, რომ ყველა ეს მიმართულება არის ძალზე მნიშვნელოვანი, წმინდა პრუდენციური რეგულირების თვალსაზრისით. ამით საკრედიტო ბაზარი მოექცევა ერთიან სამართლებრივ სივრცეში, რაც გაზრდის სოციალურ დაცულობას, საბოლოო ჯამში კი – საკრედიტო ბაზრის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2016 წელს გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე საცალო სესხების სეგმენტი ზრდის ყველაზე მაღალი ტემპებით ხასიათდება, მართალია, აღნიშნული სეგმენტის ზრდის გარკვეული ნაწილი მცირე და საშუალო სესხების სეგმენტის რეკლასიფიკაციით არის განპირობებული, მაგრამ ეს საერთო სურათს მაინც არ ცვლის. ეკონომიკის რეალური სექტორის დაფინანსების შენელების ეს ტენდენცია, ზოგადად, დამახასიათებელია როგორც აღმოსავლეთ ევროპის, ისე დასავლეთ ევროპის ქვეყნებისთვისაც და დაკავშირებულია საცალო სასესხებო პროდუქტებზე, მათ შორის განვადებებზე ხელმისაწვდომობის ზრდასთან, როგორც საპროცენტო განაკვეთების შემცირების, ასევე ვადიანობის დაგრძელების თვალსაზრისით. თუ თვალს გადავავლებთ საბანკო სტატისტიკას, თუნდაც ბოლო 3 წლის განმავლობაში, სესხების საშუალო ვადიანობა თუნდაც ლარში გაზრდილია და 4 წლამდეა, ხოლო ცალკეულ პროდუქტებზე დაკრედიტების ვადიანობა, მაგალითად, იპოთეკურ სესხებზე 10 წლამდე, განვადებებზე – 5 წლამდეა გაზრდილი. ამასთანავე, საპროცენტო განაკვეთები, საშუალოდ, 3-4%-ით არის შემცირებული.

მაგრამ, იმისთვის, რომ საბანკო სექტორმა უზრუნველყოს გრძელვადიანი ბიზნესდაკრედიტება ლარში, მას გრძელვადიანი სალარე რესურსი სჭირდება. ეს არის აქსიომა და თუ დეპოზიტების საშუალო ვადიანობის მაჩვენებელსაც ვნახავთ, ის კიდევ უფრო მცირეა და 1 წელსა და 6 თვეს შეადგენს. შესაბამისად, ბანკებს უჭირთ მოკლევადიანი მოზიდული სახსრების გრძელვადიან საკრედიტო რესურსებში ტრანსფორმაცია – პირველ რიგში, ვადიანობის აცდენის მაღალი რისკის გამო. დეპოზიტების საშუალო წლიური ვადიანობის მაჩვენებელი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნაწილშიც 2 წლამდეა, მაგრამ არსებობს ალტერნატიული ფინანსირების წყაროები.

ადგილობრივი წარმოების სტიმულირება, ასევე, პირდაპირ კავშირშია საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის ამოცანის გადაწყვეტასთან და ეს პირველ რიგში სალარე რესურსებზე ითქმის. ლარიზაციის სტრატეგიის მთავარი ამოცანაც ეს არის, უზრუნველყოს და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, გრძელვადიანი და შედარებით იაფი სალარე რესურსებით პირველ რიგში ბიზნესის დაკრედიტება.

ღია ეკონომიკის ფუნდამენტური პრინციპის თანახმად, რაც გადადინების ეფექტს (spillower effect) უკავშირდება, ჩვენზე პირდაპირ ზემოქმედებს ის დადებითი თუ უარყოფითი ტენდენციები, რაც გლობალურ ბაზრებზე და რეგიონალურ დონეზე, ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ხდება.

აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ჩვენი ამოცანა, მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, უნდა იყოს ისეთი სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა, რაც მინიმუმ 4.5-5.5%-იან მაჩვენებელზე იქნება და ავა უფრო მაღალ, თუნდაც 7-9%-ის მაჩვენებელზე, გაცილებით უკეთესი ეკონომიკური კონიუნქტურის შემთხვევაში.

ბუნებრივია, ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ადგილობრივი წარმოების, ანუ დამამუშავებელი მრეწველობის კომპონენტი იქნება. სწორედ ეს კომპონენტი უნდა განვიხილოთ იმ წამყვან ფაქტორად, რაც, ერთი მხრივ, თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ეკონომიკურ ზრდაში და მეორე მხრივ – უზრუნველყოფს გრძელვადიან დასაქმებას.

მიმაჩნია, რომ საბანკო სისტემის რეფორმის ახალი სტრატეგია, რაც მთავრობისა და ეროვნული ბანკის 10-პუნქტიან გეგმაშია გაწერილი, სწორედ ამას ემსახურება.

საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ მართალია, მაღალდოლარიზებული ეკონომიკის პირობებში, შესაძლებელია მომსახურების სერვისების განვითარება, მაგრამ, სამაგიეროდ, სერიოზული პრობლემები ჩნდება მიკროდონზე ადგილობრივი ბიზნესის, კერძოდ, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის თვალსაზრისით, რაც პირდაპირ კავშირშია უკვე მაკროდონეზე დასაქმების პრობლემებთან და უარყოფით საგადამხდელო ბალანსთან.

თვალსაჩინოებისთვის, თუნდაც ჩვენი ქვეყნის მაგალითი რომ ავიღოთ, დღეს ვერც ბოლო წლებში გაზრდილმა ინვესტიციებმა და ვერც მომსახურების მზარდმა ექსპორტმა ვერ შეძლო ურყოფითი საგადამხდელო ბალანსის რაიმე მნიშვნელოვანი შემცირება.

ტრადიციული ეკონომიკური ნარატივი, რომ მისი დაბალანსება ინვესტიციებს შეუძლია – არასაკმარისი აღმოჩნდა და გადაფასებას საჭიროებს. ჯერ ერთი, ჩვენ გვჭირდება არსებული ინვესტიციების მაჩვენებლის მინიმუმ გაორმაგება მშპ-ის 25%-ზე მაინც რომ ავიდეს (დღეს 13%-ს შეადგენს) და მეორეც, ამ მოცულობის ინვესტიცია რომ შემოვიდეს ქვეყანაში და დასაქმება უზრუნველყოს, მხოლოდ შიდა მოხმარებაზე ვერ იქნება ორიენტირებული, მოსახლეობის სიმცირისა და ზოგადად ბაზრის მცირე სეგმენტის გამო.

ჩვენ უნდა გადავიდეთ ეკონომიკის გააზრების გაცილებით გლობალურ პლატფორმაზე, რაც არა მხოლოდ შიდა მოხმარებაზე, არამედ გარე მოხმარებაზეც უნდა იყოს ორიენტირებული.

აქ ვგულისხმობ პროდუქციის საქართველოში დამზადებას ევროპული ან ამერიკული ბაზრებისთვის. სწრაფი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად, ჩვენნაირი მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, დანაზოგები, როგორც შიდა ინვესტიცია, მოსახლეობის დაბალი შემოსავლების და ბაზრის მცირე მოცულობის გამო, არასაკმარისია, რათა საერთაშორისო ინვესტორის პოზიციიდან ინვესტიციებმა გაამართლოს.

შესაბამისად, სერიოზული ინვესტიციების მოსაზიდად, აუცილებელია საკმარისი რაოდენობის როგორც შიდა, ისე გარე მოხმარების სტიმულირება. დღეს ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც ერთი მხრივ, გვჭირდება სერიული წარმოების პროდუქციის წარმოება, რაც ექსპორტზე იქნება ორიენტირებული და მეორე მხრივ, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, რაც დასაქმებასა და დანაზოგების ზრდას უზრუნველყოფს და ლარიზაციის სტრატეგია ამაზე უნდა იყოს გათვლილი. თუ გვსურს სწრაფი, ანუ მაღალი ეკონომიკური ზრდა, მაშინ ჩვენ უნდა შევძლოთ კონკურენციის გაწევა საერთაშორისო ბაზრებზე, თუნდაც ჩინური პროდუქციისთვის, საბედნიეროდ, ჩვენთან ამის მაგალითები უკვე არის და ეს არ არის უტოპია, თუ სახელმწიფო ამ მიმართულებით სერიოზულ ნაბიჯებს გადადგამს.

მიმაჩნია, რომ თეზა, რომლის თანახმადაც მცირე და საშუალო ბიზნესი უზრუნველყოფს დასაქმებას, მოძველებულია და გადასინჯვას საჭიროებს. ამ სეგმენტმა, საკმაოდ მაღალი კონკურენციის გამო, ყველაზე იდეალურ შემთხვევაში, იმპორტჩანაცვლების ფუნქცია შეიძლება შეასრულოს და ისიც ნაწილობრივ, მომსახურების ინდუსტრიის მომარაგების კუთხით.

სერიული წარმოების ინდუსტრიის შესაქმნელად, უნდა შევქმნათ სავაჭრო ჰაბები აქ დამზადებული პროდუქციის ნიშნით, რომელიც საერთაშორისო ბაზრებზე გავა ექსპორტის სახით. სხვა შემთხვევაში ექსპორტის ზრდის პოტენციალი შეზღუდული იქნება, საექსპორტო ტრადიციული სასაქონლო ჯგუფები ბოლო 10 წლის განმავლობაშიც კი პრაქტიკულად იგივე დარჩა.

როგორც უკვე აღვნიშნე, ამის პოტენციალი ნამდვილად გვაქვს, საქართველოში უკვე მუშაობს რამდენიმე საწარმო, რომელსაც აქ დამზადებულ პროდუქციას მთლიანად ევროკავშირის ბაზარზე გააქვს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ ტიპის ბიზნესის პერსპექტივები დასაქმების კუთხითაც, რადგან ის ასორტიმენტის მრავალფეროვნებაზე და შესაბამისად, ბიზნესის გაფართოებაზეა ორიენტირებული. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტიპის წარმოებების დიდი ნაწილი სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა. სხვათა შორის, ერთ-ერთ ასეთ საწარმოში 400-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ამ ტიპის წარმატებული საწარმოების მაგალითი აჩვენებს, რომ უკვე მესამე წელს პრაქტიკულად გადახდილია ყველა ის პრეფერენცია, რომელიც პროგრამის ფარგლებში მიიღეს დაფინანსების კუთხით, თუნდაც დასაქმებული პერსონალის ხელფასებზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადის სახით და როდესაც სამთავრობო პროგრამების ეფექტურობის შეფასება ხდება, პირველ რიგში ამ კუთხით უნდა მოხდეს.

აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, მაქსიმალურად უნდა გააქტიურდეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მუხლების ამოქმედება და უცხოელ სტრატეგიულ ინვესტორებთან სწორედ ამ მიმართულებით უნდა აიგოს თანამშრომლობა, რაც საშუალებას მოგვცემს, თვისობრივად შევცვალოთ საექსპორტო საქონლისა და მომსახურების სტრუქტურა და მოვახდინოთ ეკონომიკის დივერსიფიკაცია.

გარდა ამისა, უფრო მეტი სტიმულირება, თუნდაც დაბეგვრის კუთხით, უნდა მიეცეს მაღალტექნოლოგიურ ინვესტიციებს და პირიქით, უნდა შეიზღუდოს არამეცნიერებად ტევადი და მოძველებული დანადგარებისა და ტექნოლოგიების ქვეყანაში შემოსვლა. სამწუხაროდ, თუ ჩვენ თვალს გადავალებთ იმპორტის სასაქონლო სტრუქტურას, თანამედროვე ტექნოლოგიების წილი არის მიზერი მთლიანი იმპორტის ხვედრით წილში, რაც მიუთითებს იმ დიდ რეზერვს, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს.

მცირე და საშუალო ბიზნესდაკრედიტების სტიმულირებისთვის ჩვენ, ასევე, გვჭირდება უცხოური ვალუტის ალტერნატივა, ხოლო ალტერნატიული გრძელვადიანი და იაფი ფინანსური რესურსი არის საფონდო სეგმენტის განვითარება, როგორც საჯარო ფასიანი ქაღალდების, ასევე ობლიგაციური სესხების ბაზრის ფორმირებით.

ამ კუთხით, ძალზე მნიშვნელოვანია მომავალი წლიდან დეპოზიტების დაზღვევის სავალდებულო სისტემის ამოქმედება და, განსაკუთრებით, დაგროვებითი საპენსიო დაზღვევის სისტემაზე გადასვლა, რაც ჩადებულია 10-პუნქტიან სამთავრობო გეგმაში და რაც სავსებით სწორ სტრატეგიულ მიმართულებად უნდა მივიჩნიოთ.

პირWელი: ექსპერტთა ნაწილი მიუთითებს ეკონომიკის ზრდის ტემპებთან შედარებით, საბანკო სისტემის მომგებიანობის არაპროპორციულ ზრდაზე, მაგალითად, ბანკების მოგება კაპიტალთან მიმართებაში არის 27%, რაც მნიშვნელოვნად აღემატება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს?

გიორგი ცუცქირიძე: გეთანხმებით, რომ მომგებიანობის არსებული მაჩვენებელი, რაც კაპიტალის აქტივებთან უკუგების თვალსაზრისით 27%-ს შეადგენს, მაღალია. ასევე, მაღალია წმინდა საპროცენტო მარჟაც, რაც 5,5%-ს შეადგენს და 3-ჯერ მეტია თუნდაც საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე. ბუნებრივია, ეს ეკონომიკისთვის კარგი არ არის და ეკონომიკის რეალური სექტორის დაკრედიტების პრობლემებს ცხადყოფს. თუმცა, ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ საკრედიტო დაბანდებების აქტივობა შენელებული არ არის, ხოლო ხელმისაწვდომობა გაზრდილია. სამომავლოდ ეკონომიკის დივერსიფიკაციასთან ერთად, მომგებიანობის მაჩვენებლები ჩვენთანაც დაიწევს.

დღეს ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც ინვესტორი მაღალი რისკების გამო, შესაბამის დივიდენდს ითხოვს. კიდევ ერთხელ ვიმეორე, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ეს კარგია ეკონომიკისთვის. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბანკების არარეზიდენტმა აქციონერებმა, რომლებიც ინვესტიციებს ახორციელებენ უცხოურ ვალუტაში, მაგრამ ბალანსურად აისახება ლარში, მნიშვნელოვნად იზარალეს ლარით განხორციელებული ინვესტიციების გადაფასებით, 2014-2016 წლებში სავალუტო კურსის რყევების შედეგად, რაც, მოგეხსენებათ, დიდწილად საერთაშორისო ბაზრებზე ამერიკული დოლარის რყევებით იყო გამოწვეული. ინვესტორისთვის ლარის ჰეჯირების (დაზღვევის) ბაზრის არარსებობის გამო, პრაქტიკულად შეუძლებელია აქტივების სავალუტო რყევების მიმართ დაზღვევა და რაც სხვათა შორის ამავე პერიოდში საერთაშორისო ბირჟებზე განთავსებული ბანკების (საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი) აქციების ფასზეც აისახა ნეგატიურად და რაც ეროვნული ბანკის 2016 წლის წლიურ ანგარიშშიც არის ასახული. ქართული ბანკების აქციებზე არსებული მზარდი მოთხოვნა, თავის მხრივ, მიუთითებს საბანკო სექტორის მიმზიდველობაზე. საბანკო სექტორში რამდენიმემილიარდიანი ინვესტიციებია განხორციელებული და გეთანხმებით, მათი მიმზიდველობა მომგებიანობის მაღალი მაჩვენებელიცაა, მაგრამ ინვესტორისთვის მარტო მაღალი მოგება არ არის ერთადერთი ორიენტირი. თუ ჩვენ თვალს გადავალებთ საბანკო სექტორის განვითარების დინამიკას, ვნახავთ, რომ ინვესტიციების ზრდა დაიწყო მას შემდეგ, რაც 1998-2003 წლებში მოხდა საბანკო კაპიტალზე მოთხოვნის ზრდა 2 მლნ ლარიდან 5 მლნ ლარამდე, საბანკო ზედამხედველობა გადავიდა „ბაზელი 2“-ის პრინციპებზე და რაც ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენთან 1999-2002 წლებში განხორციელდა ფინანსური ანგარიშგების ახალ ფორმატზე, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებზე გადასვლა.

აქვე მსურს, აღვნიშნო, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საერთაშორისო პროექტი, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების საერთაშორისო სააგენტოს USAID მხარდაჭერით არამხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში (ცნობისთვის, არგენტინას ამ სტანდარტებზე გადასასვლელად 6 წელი დასჭირდა).

საბანკო სექტორში მიმდინარე რეფორმის, რაც ბაზელი 3-ის პრინციპებზე გადასვლას ითვალისწინებს, მთავარი ამოცანაც საბანკო რისკების მიტიგაცია და მდგრადი განვითარების ხელშეწყობაა, რამაც, საერთო ჯამში, საპროცენტო განაკვეთების კიდევ უფრო დაწევა და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა უნდა გაზარდოს.

პირWელი: მართალია, ბუფერების შემოღება რისკების შემცირებას უზრუნველყოფს, მაგრამ სამაგიეროდ თანხების დარეზერვება შეამცირებს საბანკო სექტორის მომგებიანობას და შესაბამისად, საინვესტიციო მიმზიდველობას, ხომ არ აღმოჩნდება საბანკო სექტორი სქილასა და ქარიბდას შორის?

გიორგი ცუცქირიძე: ბუნებრივია, მიმდინარე საბანკო რეფორმის ერთ-ერთ მთავარ საკითხად სწორედ რისკების შემცირება და კაპიტალის დაცულობის, ანუ ადეკვატურობის ზრდა განიხილება, რამაც გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა უზრუნველყოს როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიანი და შედარებით იაფი უცხოური ინვესტიციების შემოდინება საბანკო სექტორში, ანუ ინვესტორისთვის მაღალი მომგებიანობა არ იქნება ერთგვარი პარამეტრი, რასაც სტაბილურობა და დაბალრისკიანობა დააბალანსებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რისკისა და მომგებიანობის მრუდი გარკვეულ წერტილამდე ინარჩუნებს ეფექტურობას და შემდეგ უარყოფით ტრენდზე გადადის.

ეს ყველაფერი გაცილებით გასაგები რომ გახდეს, ვიტყვი, რომ ბუფერების შექმნის სტრატეგია მოიცავს სტრესულ სიტუაციებში კაპიტალის დაცვას რისკებისგან, ანუ ზარალისგან, რომელიც ასეთ სიტუაციებში შეიძლება წარმოიქმნას. და კაპიტალის დამცავი ბუფერების შექმნა კაპიტალის ადეკვატურობის მინიმალური მოთხოვნების ზევით სხვა არაფერია, თუ არა თავისებური „ფინანსური ბალიში“ რისკების დასაცავად, როგორც ციკლური, ასევე კონტრციკლური თვალსაზრისით.

კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნებთან დაკავშირებული ამოცანები, თავის მხრივ, ბაზელი 3-ის პირველი და მეორე ჩარჩოს მიხედვით, როგორც პილარ 1-ისა და პილარ 2-ის ფარგლებში, კაპიტალის ბუფერების განსაზღვრასა და დანერგვის საკითხებს მოიცავს. კიდევ უფრო რომ დავკონკრეტდე, კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების ცვლილებები ბაზელი 3-ის მიხედვით, 1 ჩარჩოს ფარგლებში ითვალისწინებს მინიმალური კაპიტალის ზევით 3 ძირითადი ბუფერის -კონსერვაციის, კონტრციკლური და სისტემურობის ბუფერების გამოყოფას.

ნიშანდობლივია, რომ სისტემურობის ბუფერი წარმოადგენს დამატებით მოთხოვნას არა ყველა ბანკისთვის, არამედ სისტემური ბანკებისთვის, ანუ იმ ბანკებისთვის, რომელთა სტაბილურობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის ფინანსური სექტორის გამართული ფუნქციონირებისთვის.

ასევე, ძალზე მნიშვნელოვანია კონტრციკლური ბუფერის შემოღება, რომელიც არის მაკროპრუდენციული საერთო ბუფერი, და რომლის დანიშნულებაც ფინანსური სისტემის პროციკლური ქცევის შემცირებაა როგორც ეკონომიკის ზედმეტი გადახურების, ასევე ვარდნის ფაზებში. ზოგადად, ჩვენ უნდა გადავიდეთ ეკონომიკაში კონტრციკლური ინსტრუმენტების გამოყენების პრაქტიკაზე, როგორც პრევენციის მექანიზმზე, რაც განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი.

რაც შეეხება პილარ 2-ის კაპიტალის ბუფერებს, ის უნდა განვიხილოთ როგორც დამატებითი ბუფერები, რომლებიც არ შედის პილარ 1-ში და განისაზღვრება ცალკე რეგულაციით. ის მოიცავს არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკისთვის, კონცენტრაციის რისკისთვის, სტრესტესტებითა და GRAPE-ის (რისკის შეფასების საერთო პროგრამა) შედეგების მიხედვით კაპიტალის დამატებითი ბუფერის მოთხოვნებს.

პირWელი: ეროვნული ბანკი ახალი მიდგომების დანერგვას აპირებს მოსახლეობის ჭარბვალიანობის შესამცირებლად, რაც ზოგიერთი კვლევის მიხედვით, განკარგვადი შემოსავლის 65%-საც კი აღემატება და სერიოზულ სოციალურ რისკებს შეიცავს, და რაც სავალუტო ფონდის მოხსენებებშიც არის აღნიშნული. როგორ იმოქმედებს ეს შეზღუდვები საბანკო სექტორზე?

გიორგი ცუცქირიძე: მიმაჩნია, რომ “ჭარბვალიანობა” მართლა არის სერიოზული სოციალური პრობლემა და არამხოლოდ სოციალური, რადგან, თუ განკარგვადი შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი საბანკო სესხების მომსახურებაზე წავა, და არ დარჩება თანხა სხვა პროდუქციისა და მომსახურების შესაძენად, ის ნეგატიურად აისახება შიდა მოხმარებაზე და, შესაბამისად, ეკონომიკურ ზრდაზე. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ ბანკები სესხის გაცემას ფიზიკური პირის შემოსავლის მიხედვით ახდენენ, ხოლო საკრედიტო ისტორიას საკრედიტო ბიუროს მონაცემთა ბაზაში ამოწმებენ: რამდენი სესხი აქვს აღებული, რა მოცულობისაა არსებული საკრედიტო დავალიანება, როგორია ვადაგადაცილებები, არის თუ არა პრობლემურ მსესხებელთა სიაში, როგორია მისი საკრედიტო ქულა და ა.შ.

მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ამ მონაცემებში არ არის ასახული კერძო პირებისგან, იგივე „კერძო იპოთეკარებისგან“ აღებული სესხები და, ზოგადად, ჭარბვალიანობის გამომწვევი ფაქტორი დიდწილად სწორედ ეს არის. რაც შეეხება ახალ წესს, ის "კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესშია" უკვე ასახული. კერძოდ, ფიზიკურ პირებზე გაცემული და სტანდარტულად კლასიფიცირებული სესხებისთვის, განისაზღვრა "სესხის მომსახურებისა" და "სესხის უზრუნველყოფის" კოეფიციენტების მინიმალური მოთხოვნები. ამ მიდგომის თანახმად, განსაზღვრული ლიმიტების დარღვევის შემთხვევაში მკვეთრად გაიზრდება საზედამხედველო ტვირთი კომერციული ბანკებისთვის კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების კუთხით. კერძოდ, ბანკებს მოუწევთ თითოეული ამ სახის სესხის რეკლასიფიცირება სტანდარტულიდან არასტანდარტულში, რაც დამატებით სესხების შესაძლო დანაკარგებზე რეზერვების შექმნას მოითხოვს

აღნიშნული მიდგომა არა იმდენად კომერციულ ბანკებისთვის, არამედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის იქნება მნიშვნელოვანი, რაც შეამცირებს შემოსავლის დადასტურების გარეშე საცალო სესხების გაცემის მოტივაციას და შესაბამისად, გააუმჯობესებს კომერციული ბანკების და მისო-ების საკრედიტო პორტფელების ხარისხს და კიდევ უფრო მეტად წაახალისებს სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საკრედიტო ურთიერთობებს.

17.10.2017 15:44

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
გიორგი ცუცქირიძე: საქართველოს ასეთი პროგრესული ფისკალური მოდელი არასდროს ჰქონია
20.10.2017 15:14
გიორგი ცუცქირიძე: სსფ-ის ცალსახა მხარდაჭერა ეკონომიკური რეფორმის წარმატებას უკავშირდება
17.10.2017 15:52
გიორგი ცუცქირიძე: ლარიზაციის მიზანი ეკონომიკური ზრდის სტიმულირებაა და არა სესხების გაძვირება
17.10.2017 15:50
გიორგი ცუცქირიძე: საბანკო სექტორში მიმდინარე რეფორმა 10-15 წლის ტენდენციებს განსაზღვრავს
17.10.2017 15:48
გიორგი ცუცქირიძე: ლარის გაუფასურება არასწორი მოლოდინების შედეგია
17.10.2017 15:46
გიორგი ცუცქირიძე: „სერიული წარმოების ინდუსტრიის შესაქმნელად, უნდა ჩამოვაყალიბოთ სავაჭრო ჰაბები აქ დამზადებული პროდუქციის ნიშნით,
17.10.2017 15:44
გიორგი ცუცქირიძე: “საერთაშორისო მხარდაჭერა რეფორმების გრძელვადიან და შეუქცევად ხასიათს განაპირობებს“
29.05.2017 21:52
გიორგი ცუცქირიძე: „დღეს მთავარი ამოცანა ეკონომიკის დივერსიფიკაციიის ზრდა და სწრაფი ზრდის დროში განვრცობაა“
05.05.2017 22:01
გიორგი ცუცქირიძე: 5 %-იანი ზრდა ეკონომიკის რეალური სექტორის ზრდის შედეგია
30.04.2017 11:03
გიორგი ცუცქირიძე: "ბოლო დღეების აქტივობამ აჩვენა,რომ გალარების სტრატეგიამ გაამართლა
27.03.2017 18:05
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 





 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>