abg.org.ge

  

"კომერსანტის" გამოკითხვით ბანკების ასოციაცია 2015 წლის ბიზნეს ნომინაციის - წლის ყველაზე აქტიური დარგობლივი ასოციაცია - გამარჯვებული გახდა
English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
გიორგი ცუცქირიძე: „დღეს მთავარი ამოცანა ეკონომიკის დივერსიფიკაციიის ზრდა და სწრაფი ზრდის დროში განვრცობაა“

პირველი კვარტლის შედეგებზე, ლარიზაციის პროგრამაზე, რეფინანსირების სესხებზე და სხვა აქტუალურ საკითხებზე, ინტერვიუ საქათველოს ბანკების ასოციაციის დირექტორთან, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორ გიორგი ცუცქირიძესთან, საინფორმაციო სააგენტო პირველი, PIA.ge 04.05.2017

პირWელი: მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა წლის დასაწყისში შეამცირა ეკონომიკური ზრდისპროგნოზი, 3,8 %–მდე, პირველ კვარტალში საკმაოდ მაღალი 5 %-იანი ზრდის მაჩვენებელი დაფიქსირდა, რა ფაქტორები განაპირობებდა ეკონომიკის ზრდას, წლის განმავლობაში რამდენად იქნება არსებული ტენდენცია შენარჩუნებული?

გიორგი ცუცქირიძე: მიმდინარე წლის დასაწყისიდან ჩვენ გვაქვს საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც საშუალოდ კვარტალური მაჩვენებლის მიხედვით 5 %–ს შეადგენს და რეგიონში ყველაზე მაღალი და არა მხოლოდ რეგიონალურ დონეზე საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ეკონომიკის სწრაფ ზრდას ბუნებრივია განაპირობებს ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც მთავრობა ახორციელებს. ჩვენნაირი ტიპის ქვეყნებში, გარდამავალი ეკონომიკის პირობებში, როდესაც ჩვენ არ ვფლობთ ბუნებრივი რესურსების მნიშვნელოვან მარაგებს, მაგალითად ნავთობს, ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს მთავრობის და ეროვნული ბანკის სწორ სტრატეგიას და საერთაშორისო მხარდაჭერას. ეს ეხება როგორც ეკონომიკის ტრანსფორმაციის 4 პუნქტიან გეგმას, ასევე ლარიზაციის 10-პუნქტიანი გეგმას, რომელიც ეროვნულ ბანკთან ერთად არის შემუშავებული.

ნიშანდობლივია, რომ 2017 წლის იანვარ-მარტში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი საგარეო სავაჭრო ბრუნვა და რაც ხაზგასასმელია წმინდა ექსპორტის ხარჯზე. იანვარ–მარტში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა, და წლიურმა ზრდის ტემპმა 30 პროცენტი შეადგინა, მაშინ როდესაც იმპორტის ზრდა 17 %-იყო ანუ წმინდა ექსპორტმა 12 % შეადგინა. ექსპორტის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ესპანეთში და ჩინეთში ექსპორტის მატებამ, რაც ძირითადად სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების რეექსპორტს უკავშირდება. რეგიონის ქვეყნებიდან მნიშვნელოვნად არის გაზრდილი რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან მიღებული საექსპორტო შემოსავლები.

აღსანიშნავია, რომ ძალზე მაღალი ტემპით ზრდას განაგრძობს ირანში ექსპორტი. მართალია, ძირითადი ექსპორტიორი ქვეყნებიდან მოიკლო თურქეთში და აშშ-ში ექსპორტმა, მაგრამ ირანის და ჩინეთის ბაზრებზე აქცენტების გადატანა, მათი ბაზრების ზომიდან გამომდინარე, სამომავლოდ თავისუფალი ვაჭრობის სტრატეგიის ჭრილში, ჩვენ ექსპორტს კიდევ უფრო დივერსიფიცირებულს გახდის, რაც საბოლოო ჯამში სავალუტო შემოდინებების გაზრდილ პოტენცილზე და საგადამხდელო ბალანსზე აისახება დადებითად. პოზიტიური ტრენდით ხასიათდება სხვა ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებიც. ზრდა დაფიქსირდა ფულადი გადმორიცხვების კუთხითაც. მარტო მარტში უცხოეთიდან ფულადი გზავნილები 23%-ით გაიზარდა, რაც თებერვალთან შედარებით 19%-იანი ზრდაა.

აღსანიშნავია ტურიზმის სექტორიც, რომელიც ქვეყანაში სავალუტო შემოდინებების და მომსახურების ექსპორტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. 2017 წლის მარტის მონაცემებით, საქართველოს 511 045 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 13,1%-ით, ანუ 59 308 ადამიანით მეტია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მაგრამ სწრაფი ეკონომიკური ზრდის წამყვან ფაქტორიად მაინც ეკონომიკის რეალური სექტორის გამოცოცხლება მიმაჩნია. ადგილობრივი წარმოების ხელშემწყობ სამთავრობო პროგრამებს, ბუნებრივია, სჭირდებოდა გარკვეული დრო, შედეგების მისაღებად. დრომ აჩვენა, რომ ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების ამოქმედება იყო დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან სტრატეგიულად სწორი და უალტერნატივო გადაწყვეტილება. გვახსოვს ამ პროგრამებსაც არაერთი ოპონენტი და კრიტიკოსი ყავდა. დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ პირველ დადებით შედეგებს უკვე ვიმკით. პროგრამები „აწარმოე საქართველოში“ ან „დანერგე მომავალი“ წარმატებულად მუშაობს, ადგილობრივი წარმოების განვითარების გარეშე ვერც იმპორტის ჩანაცვლება მოხდება და ვერც ექსპორტი გაიზრდება.

ნიშანდობლივია, რომ მიმდინარე წლის იანვარ–მარტში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა განპირობებულია ორი მნიშვნელოვანი კომპონენტით–მშენებლობის და დამამუშავებელი მრეწველობის ზრდით, დამამუშავებელი მრეწველობის წილი, იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ იგი წარმოდგენილია როგორც მეტალურგიული პროდუქციის, მინერალური და ქიმიური, აზოტოვანი სასუქების, ასევე საკვები პროდუქტების და სასმელების სახით.

კიდევ ერთი საკითხი რომელზეც მსურს აქცენტების გადატანა, ეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობის ფორმატია. ამ მხრივ პირველ რიგში მსურს გამოვყო საერთაშორისო სავალუტო ფონთან თანამშრომლობის ახალი პაკეტის დამტკიცება 285 მილიონი დოლარის მოცულობის სამწლიანი პროგრამის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" (EFF) ფარგლებში. ეს არ არის მხოლოდ მორიგი ფინანსური მხარდაჭერა. პირველ რიგში იგი არის სერიოზული სიგნალი სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ინვესტორებისათვის ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების პოზიტიურ დინამიკაზე. მოგეხსენებათ, რომ მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის წამყვანი კომპონენტი არის სივრცითი მოწყობა. თავის მხრივ, სწორედ სივრცითი განვითარების სტრატეგიის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების დინამიკა ასევე პირდაპირ აისახება ეკონომიკის სწრაფ ზრდაზე, რაც მშენებლობის ნაწილში შედის.

შემთხვევითი არ არის, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკთან 2017 წლის ივლისში, ახალ 250-მილიონიან ხელშეკრულებას მოეწერება ხელი. ამასთან, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, აღნიშნული ინვესტიციები მიმართული იქნება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაზე, რაც ეკონომიკური ზრდის სტიმულირების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდება. დაწყებული ეკონომიკური რეფორმებისადმი ნდობის დადასტურებაა საეთაშორისო ინვესტიციების ზრდაც. მაგალითისთვის გასულ 2016 წელს, ევროპის საინვესტიციო ბანკმა გააორმაგა ინვესტიციები საქართველოში და მისმა პორტფელმა 1 მლრდ ევროს მიაღწია.

ამასთან ნიშანდობლივია, რომ ლარიზაციის 10-პუნქტიანი გეგმა, მოწონებული და მხარდაჭერილი იქნა წამყვანი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings –ის მიერ, ამ სარეიტინგო კომპანიის მიერ ქვეყნებისათვის მინიჭებულ პოზიტიურ საინვესტიციო რეიტინგებს აქვს დიდი მნიშვნელობა ინვესტორებისათვის გადაწყვეტილების მისაღებად.

მე ადრეც არაერთხელ აღმინიშნავს, რომ სესხების გალარების პროგრამა მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა, მაინც იყო წარმატებული და თუნდაც გადალარებული თანხების ფარგლებში, დადებითად იმოქმედებდა სავალუტო კურზე და ეს ეფექტი მომავალშიც იმუშავებს. მარტო მარტის თვეში დაახლოებით 70 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხები გალარდა.

პირველი კვარტლის მიხედვით კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიური ზრდის ტემპმა გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 12.6 პროცენტი შეადგინა. საკრედიტო პორტფელის ზრდა მთლიანად ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების წილად მოდის. მაგრამ ამავდროულად ლარიზაციის გეგმა, რაც 100 ათას ლარამდე სესხების ლარში გაცემას ითვალისწინებს, სერიოზულად ზემოქმედბს საკრედიტო პორთფელზე. საანგარიშო პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 694.2 მლნ ლარით (10.5 პროცენტით) გაიზარდა და 7.30 მლრდ ლარს გაუტოლდა. ეს არ არის უმნიშვნელო მაჩვენებელი და რაც სწორედ სამთავრობო პროგრამის ლარიზაციის პროცესის შედეგია, რომელიც ეროვნულ ბანკთან ერთად 10 პუნქტიან გეგმაშია ასახული. მოგეხსენებათ ამ პროგრამის მიხედვით მიმდინრე წლის დასწყისიდან 100 ათას ლარამდე იპოთეკური სესხები მხოლოდ ლარებში გაიცემა, როგორც არამეწარმე, ასევე მეწარმე ფიზიკურ პირებზე ანუ რეალურად დღეს მცირე და საშუალო ბიზნესის დიდი ნაწილი სესხებს, რომლებიც მყარად უზრუნველყოფილი სესხების კატეგორიას მიეკუთვნება ლარში მოიხმარს. ეს ფაქტორი ამცირებს ერთის მხრივ დოლარიზაციას მაჩვენებელს და მეორეს მხრივ საკრედიტო რისკებსაც. აქ მე მხედველობაში არა მაქვს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხები, რომელიც ახალი მოთხოვნების თანახმად, პრაქტიკულად მთლიანად სალარე რესურსებზეა ორიენტირებული, ერთ მსესხებელზე სესხების 50 ათას ლარამდე ლიმიტის გამო.

აღსანიშნავია, რომ ექსპერტთა ნაწილი ლარიზაციის პროგრამის ამოქმედებასთან ერთად, სესხებზე განაკვეთების ზრდას პროგნოზირებდა, ბუნებრივია, არც ეს პროგნოზი გამართლდა და დღეს კიდევ ერთი პოზიტიური ტრენდია სახეზე. ეროვნული ვალუტით გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთები შემცირდა 1.3 პროცენტული პუნქტით და წლიური 19.6 პროცენტის დონეზეა. სესხებზე საპროცენტო განაკვეთები ფიზიკური პირებისთვის შემცირდა 1.2 პროცენტული პუნქტით , ხოლო იურიდიული პირების სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და წლიური 11.4 პროცენტი შეადგინა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდს საპროგნოზო მაჩვენებლები ზრდის ან შემცირების მიმართულებით, ხშირად შეუცვლია, ამა თუ იმ ქვეყნის ქვეყნის ეკონომიკაში თუ საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე ტენდენციებიდან გამომდინარე. თუ გავითვალისწინებთ პირველი კვარტლის შედებით ინერციულ პერიოდს ეკონომიკაში და ცოტა ხნის წინ ვშინგტონში ჩვენს სამთავრობო დელეგაციასთან შეხვედრისას გაკეთებულ პოზიტიურ განცხადებებს, ჩემი შეფასებით სავალუტო ფონდი პროგნოზს გადასინჯავს 3,8 % დან სულ მცირე წლიური ზრდის 4,5 %–დე მაინც.

პირWელი: ლარის კურსი ბოლო პერიოდამდე შედარებით დაბალანსებული იყო ,თუმცა ბოლო დღეებში ლარი ისევ გაუფასურდა, რასაც ექსპერტები ისევ დაქ ისევ გაზრდილ რეფინანსირების სესხების მოცულობას და საბანკო ოლიგოპოლიასაც კი აბრალებენ.

გიორგი ცუცქირიძე: დავიწყოთ სავალუტო კურსით. იმ ქვეყნებში სადაც ადგილობრივი ვალუტა არის არაკონვერტირებული აქტივებისა და პასივების ვადების აცდენისას ყოველთვის წარმოიქმნება ლიკვიდობის შედარებით მაღალი რისკი, ვიდრე თავისუფლად კონვერტირებული ვალუტის მქონე ქვეყნებშია, რადგან ბანკებს შეიძლება შეექმნათ პრობლემები ვალდებულებების უცხოურ ვალუტაში დაფარვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, როდესაც ბაკებს ბანკ კორსპოდენტებთან მიმართებაში უწევთ ოპერაციების წარმოება უცხოურ ვალუტაში თავისთავად ექვემდებარებიან სავალუტო რისკებს, გაცილებით უფრო მაღალ სავალუტო რისკს ატარებს ბანკი როდესაც სეხებს გასცემს ან იზიდავს დეპოზიტებს უცხოურ ვალუტაში, რადგან წარმოექმნება ღია სავალუტო პოზიციის რისკი ან ვადების აცდენის რისკი. პოზიციების დახურვა ბანკებს ხშირად არა თუ საოპერაციო დღის ბოლოს, არამედ დღეში რამდენჯერმეც კი უწევთ.

ასევე ცნობილია, რომ არაკონვერტირებული ვალუტის მქონე ქვეყნებში, შედარებით მცირე მოცულობის ბაზრებს ახასიათებთ ნაკლებ პროგნოზირებული მოლოდინების და მკვეთრი სავალუტო რყევევის ამპლიტუდა. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით ლარის გამყარების ფონზე, როდესაც ლარის კურსი აშშ დოლართან 2.45 დან 2.38 გამყარდა, ასეთი სცენარი მოსალოდნელიც იყო და ეროვნული ბანკი სავსებით სწორად მოიქცა, როდესაც სვალუტო ინტერვენცია განახორციელა და ზედმეტი გამყარებისაგან კურსის სვლა შეანელა.

დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ლარის კურსი ისევ დასტაბილურად და 2.45 ფარგლებშია. რეალურად ლარის კურსის სტაბილიზაცია, გასული წლის ბოლოდან სახეზეა, ხოლო მისი მოძრაობის დერეფანი 2.40-2.45 ფაგრლებში ჩამოყალიბდა. თუ დროის სამთვიან ჰორიზინტზე განვიხილავთ, კურსის ცვლილების ამპლიტუდა კიდევ უფრო დაბალი იქნება. დღეს ლარს არ ახასიათებს მკვეთრი რყევები, რაც როგორც მონეტარული, ასევე ფისკალური დაბალანსებული პოლიტიკის შედეგია. ეს თანაბრად ეხება როგორც ფულის მასას, ასევე ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების დაბალანსებას, რაც გასულ წლებში, განსაკუთრებით საგარეო შოკებისას, ნეგატიურად ზემოქმედებდა ლარის კურსზე და ფინანსურ სტაბილიზაციაზე. სავალუტო კურსის სტაბილიზაციაზე, გარდა მონეტარული ნაწილისა დადებითად მოქმედებს ფისკალური ეფექტიც.

მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მიხედვით სახაზინო ანგარიშზე ნაშთი გაზრდილია 225 მლნ ლარით, და შესაბამისად ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვაც აღარ ხდება. ბუნებრივია, მარტში გადაჭარბებით შესრულებულმა ბიუჯეტმა განაპირობა მიმოქცევაში არსებული ლარიდან 1 მილიარდი ლარის ფინანსთა სამინისტროს ანგარიშზე მობილიზება, რამაც ბუნებრივია თავისი ზეგავლენა იქონია ლარის გამყარების პროცესში, მაგრამ მთავარი ფაქტორი მაინც არა კონკრეტულად მარტის თვის მაჩვენებელი, არამედ გასული წლის ბოლოდან დაწყებული ფისკალური პოლიტიკის ახალი სტრატეგიაა, რაც ბუნებრივია პოზიტიურად აისახა კიდეც პირველი კვარტლის შედეგებზე.

რაც შეეხება უშუალოდ რეფინანსირების სეხებს, რეფინანსირების აუქციონების გაუქმების იდეა, თუ რა ალტერნატივას ეფუძნება უბრალოდ გაუგებარია. სამწუხაროდ, ექსპეტთა ნაწილის ამ ტიპის შეფასებები არარაციონალური და არარეალურია. რეფინანსირების სესხები არის წმიდა მონეტარული ინსტრუმენტი, რომლის დანიშნულებაც მხოლოდ მოკლევადიანი ლიკვიდობის მართვა არ არის. წმინდა მაკროეკონომიკური თვალსაზრისით არანაკლებ მნიშვნელობა აქვს საპროცენტო განაკვეთების ფაქტორსაც. განსაკუთრებით ლარიზაციის პირობებში ორივე ეს ფაქტორი იძენს ახალ დანიშნულებას. როდესაც 100 ათას ლარამდე სესხების ლარში გაცემის ფაქტორს ვიხილავთ, გარდა ბანკებისა აქ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფაქტორიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან მათ ისედაც აქვთ შეზღუდვა, რომლის მიხედვითც ერთ მსესხებელზე გასაცემი თანხის ოდეონობა არ უნდა აღემატებოდეს 50 ათას ლარს, ან მის ექვივალენტს უცხოურ ვალუტაში. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ორგანიზაციების დიდი ნაწილი მცირე მეწარმეები არიან, მათი საკრედიტო პორთფელი ფაქტიურად მთლიანად ლარის საკრედიტო რესურსებზე ხდება ორიენტირებული. მისო–ების საკრედიტო პორტფელი დღეს უკვე 1,6 მლრდ ლარს აღემატება. ლარიზაციის ფაქტორის გამო, რეფინანსირების სესხების მოცულობის ზრდა და ამ გზით დამატებითი სალარე რესურსის შეშვება ეკონომიკაში ბუნებრივი პროცესია და მოსალოდნელიც იყო, რასაც ლიკვიდობის პრობლემებთან საერთო არაფერი აქვს.

ცნობილია, რომ რეფინანსირების სესხები, რომლებიც ფასიანი ქაღალდების გირაოთი უზრუნველყოფილ მოკლევადიან სასესხებო ვალდებულებებს წარმოადგენენ, უშუალოდ ზემოქმედებს ბანკების საინვესტიციო პორთფელზე, შესაბამისად, სალარე რესურსების მობილიზაციისას ბანკი იძულებულია ან გაყიდოს ფასიანი ქაღალდები ან გამოიყენოს საგირავნო ინსტრუმენტად. სწორედ ამ მიზნით გამოიყენება რეპო და უკუ რეპოს ოპერაციებიც. მიუხედავად იმისა, რომ რეფინანსირების სესხების პროცენტული წილი ფულის აგრეგატში დღეს მაღალია, მისი მიზნობრიობიდან გამომდინარე, რეფინანსირების სესხების მუდმივი ზრდა უბრალოდ ვერ მოხდება და გარკვეული პერიოდის შემდეგ მისი მოცულობა შემცირებას დაიწყებს. გასაგებია, რომ საბანკო სექტორის ლიკვიდობის მართვა გაცილებით ეფექტურია განვითარებული კაპიტალის ბაზრის პირობებში, მაგრამ ამ მიმართულებით ეროვნული ბანკი უკვე მუშაობს და რაც სწორედ ლარიზაციის 10 პუნქტიან გეგმაშია გაწერილი. კაპიტალის ბაზრის განვითარების და ლარიზაციის მხარდაჭერის კუთხით ძალზე მნიშვნელვანია „იბიარდის“ მიერ ევროპის ბაზარზე ლარით დენომინირებული 120 მლნ ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდების გამოშვება, 5 წლიანი ობლიგაციების სახით. ამ სახის ობლიგაციური სესხის წახალისება, კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშესაწყობად, ორმხრივ არის მნიშვნელოვანი: ინვესტორების მოზიდვის და მომავალში ამ ტიპის ფასიანი ქაღალდების გამოშვების სტიმულირების თვალსაზრისით. დღეისათვის საბანკო სექტორის საგარეო ვალი - 3,1 მილიარდი აშშ დოლარია, მაგრამ ამ ვალების ნახევარზე ნაკლები, 45 % -ი მოკლევადიანია და მისი გასტუმრება მიმდინარე წელს უნდა მოხდეს. ბუნებრივია, ეს ფაქტორი გარკვეულწილად მოქმედებს სავალუტო კურსზე. მაგრამ ნაკლებ ლიკვიდობაზე, რაზეც ხდება ექსპერტების ნაწილის მხრიდან აქცენტირება. საბანკო სექტორს ამ ვალდებულებების მომსახურების ანუ ლიკვიდობის პრობლემა დღეს ნამდვილად არ უდგას, საბანკო სექტორის ლიკვიდური სახსრები 2,7 $ მილიარდს შეადგენს, რაც მიმდინარე ვალდებულებების გასასტუმრებლად საკმარისია. აქედან გამომდინარე რეფინანსირების სესხების ზრდის მიმდინარე ლიკვიდობის პრობლემებთან დაკავშირება არასწორია.

მაგრამ აქ არის კიდევ ერთი არც თუ უმნიშვნელო ფაქტორი. თუ ჩვენ თვალს გადავალებთ ბანკების აქტივებისა და პასივების სავალუტო სტრუქტურას, ვნახავთ, რომ საბანკო აქტივების სწრაფი ზრდა მოზიდული სახსრების და როგორც წესი გარე ანუ საერთაშორისო საკრედიტო რესურსირების გზით არის სტიმულირებული, ეს არის ბოლო ათწლეულის ტენდენცია და მისი რეფინანსირების სესხებთან დაკავშირება ისევე არასწორია, როგორც ინფლაციის მაჩვენებლის. 2017 წლის მარტში 2016 წლის მარტთან შედარებით რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 1.8 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 2.4 პროცენტით გამყარდა. ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან მარტში წლიური ინფლაცია საქართველოში დაფიქსირებულ 5.4 პროცენტზე მაღალი რეგიონის ყველა ქვეყანაში იყო, სომხეთის გარდა: უკრაინაში - 15.1 პროცენტი, აზერბაიჯანში - 14.7 პროცენტი, თურქეთში - 11.3 პროცენტი. აქედანაც ჩანს, რომ აქციზის გადასახადის ზრდას რეალურად ჰქონდა ერთჯერადი ეფექტი რაც დაბალ ინფლაციაში ანუ არსებულ ფასებში უკვეა ასახული, გვახსოვს პროგნოზებიც, რომლის თანახმადაც მაღალი,10 პროცენტზე მეტი ინფლაცია და ფასების კატასტროფული ზრდა იყო მოსალოდნელი.

რაც შეეხება ოლიგოპოლიას, უნდა ავღნიშნო, რომ ესეც არის კიდევ ერთი თითიდან გამოწოვილი და „საყვირალი თემა“. მართალია, ორ უმსხვილეს ბანკზე აქტივების და პასივების ნახევარი მოდის, მაგრამ ბაზარზე ოპერირებს 16 კომერციული ბანკი, როგორც საშუალო, ასევე შედარებით მცირე კაპიტალით, მაგრამ იდენტური საფასო ტარიფები, რაც ოლიგოპოლიისათვის არის დამახასიათებელი, თვით ამ ორ უმსხვილეს ბანკშიც კი განსხვავებულია, სხვა ბანკებზე და 80-მდე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე არაფერი რომ არ ითქვას.

პირWელი: ბოლო პერიოდში მზარდი ტენდენცია აქვს ფიზიკური პირების დაკრედიტების მაჩვენებლებს, საბანკო სექტორის მოგებაშიც, არც თუ მცირე წილი ფიზიკური პირებიდან მიღებულ შემოსავლებზე მოდის, რამდენად არის დღეს სტიმულირებული ბიზნესის დაკრედიტება?

გიორგი ცუცქირიძე: ამ საკითხთან მიმართებაში გამოითქმება ხოლმე მოსაზრებები საცალო დაკრედიტების შეზღუდვაზე ან აკრძალვაზე. საბაზრო ეკონომიკის პრინციპები იმისდა მიუხედავად მიდგომები ლიბერალური თუ კონსერვატიულია ცხადყოფს, რომ აკრძალვები არ არის გამოსავალი. საბანკო სექტორისათვის დაწესებული ეკონომიკური ლიმიტები და ნორმატივები იმისათვის არსებობს, რომ მოახდინოს საკრედიტო აქტივობის ცვლილება, რისკების შესაბამისი დაზღვევის გზით.

რაც შეეხება უშუალოდ ბიზნესის, პირველ რიგში მცირე და საშუალო ბიზნესის, დაკრედიტების ხელშეწყობას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკური ზრდის, ასევე განსაკუთრებით დასაქმების ზრდის და იმპორტის ჩანაცვლების თვალსაზრისით, შეიძლება გამოვიყენოთ აქტივების რისკების შეწონვის ვარიაციები. საერთაშორისო საბანკო პრაქტიკის მიხედვით აქტივების, მათ შორის სესხების შეწონვა ხდება რისკების 0 დან 100%–იანი შკალით. სამომხმარებლო და ბიზნეს სესხები იწონება 100%–ით, ხოლო იპოთეკური სეხები 50%–ით. ჩვენთან სამომხმარებლო სესხები 75 %–ით იწონება, ეს გადაწყვეტილება დაახლოებით 15 წლის წინ იქნა მიღებული და მისი მიზანი მაშინ საცალო დაკრედიტების ხელშეწყობა იყო. დღეს ჩვენ იგივე შეგვიძლია ბიზნეს და იპოთეკური დაკრედიტების მიმართულებით გავაკეთოთ. თუ სამომხმარებლო სესხებზე შეწონვას გავზარდით 100 %–მდე, მაშინ იგივე იპოთეკური დაკრედიტებისას რისკების შეწონვა დიფერენცირებული პრინციპით მოვახდინოთ ე.წ.კვალიფიციური და არაკვალიფიციური იპოთეკის სახით. კვალფიციური იპოთეკის ნაწილში არა თუ 50%–იანი არამედ სულაც 30 %–იანი ლიმიტი გამოვიყენოთ, ხოლო არაკვალიფიციური იპოთეკის ნაწილი როგორც საერთშორისო პრაქტიკაშია შევწონოთ 100 %–იანი რისკით.

კვალიფიციური იპოთეკისას LTV ანუ სესხის გირაოსთან თანაფარდობის მაჩვენებელი არ უნდა აღემატებოდეს 80 %–ს, არ უნდა იყოს 90 და მეტი დღით ვადაგადაცილებული, გირაოს ამორტიზაციის ვადა უნდა იყოს 30 წელზე მეტი, ასევე იგი უნდა აკმაყოფილებდეს წმინდა შემოსავლის მიხედვით სესხის დაფარვის და საკრედიტო ლიმიტების მოთხოვნებსაც,

ინდივიდუალური მსესხებლის მშენებარე სახლი შეიძლება იყოს ჩართული, როგორც საკვალიფიკაციო იპოთეკური სესხი და ა.შ.

დღეს მთავარი ამოცანა ეკონომიკის დივერსიფიკაციიის ზრდა და სწრაფი ზრდის დროში განვრცობაა, რათა სწრაფ ეკონომიკურ ზრდას ჰქონდეს შეუქცევადი ხასიათი და მომავალ წლებშიც გაგრძელდეს.

05.05.2017 22:01

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
გიორგი ცუცქირიძე: საქართველოს ასეთი პროგრესული ფისკალური მოდელი არასდროს ჰქონია
20.10.2017 15:14
გიორგი ცუცქირიძე: სსფ-ის ცალსახა მხარდაჭერა ეკონომიკური რეფორმის წარმატებას უკავშირდება
17.10.2017 15:52
გიორგი ცუცქირიძე: ლარიზაციის მიზანი ეკონომიკური ზრდის სტიმულირებაა და არა სესხების გაძვირება
17.10.2017 15:50
გიორგი ცუცქირიძე: საბანკო სექტორში მიმდინარე რეფორმა 10-15 წლის ტენდენციებს განსაზღვრავს
17.10.2017 15:48
გიორგი ცუცქირიძე: ლარის გაუფასურება არასწორი მოლოდინების შედეგია
17.10.2017 15:46
გიორგი ცუცქირიძე: „სერიული წარმოების ინდუსტრიის შესაქმნელად, უნდა ჩამოვაყალიბოთ სავაჭრო ჰაბები აქ დამზადებული პროდუქციის ნიშნით,
17.10.2017 15:44
გიორგი ცუცქირიძე: “საერთაშორისო მხარდაჭერა რეფორმების გრძელვადიან და შეუქცევად ხასიათს განაპირობებს“
29.05.2017 21:52
გიორგი ცუცქირიძე: „დღეს მთავარი ამოცანა ეკონომიკის დივერსიფიკაციიის ზრდა და სწრაფი ზრდის დროში განვრცობაა“
05.05.2017 22:01
გიორგი ცუცქირიძე: 5 %-იანი ზრდა ეკონომიკის რეალური სექტორის ზრდის შედეგია
30.04.2017 11:03
გიორგი ცუცქირიძე: "ბოლო დღეების აქტივობამ აჩვენა,რომ გალარების სტრატეგიამ გაამართლა
27.03.2017 18:05
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 





 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>