პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს. ახალი მომსახურების საშუალებით კლიენტებისთვის შესაძლებელი გახდება ოპერაციების გაცილებით უფრო სწრაფად შესრულება და 2 000 ლარამდე (1 000 აშშ დოლარი) თანხების მიღება და გადახდა კლიენტთა მრჩეველთან, რომელიც მოლარის ფუნქციასაც შეითავსებს.
შესაბამისად, კლიენტებს აღარ მოუწევთ სალაროსთან მისვლა, როგორც ეს ადრე ხდებოდა. ახლა ყველა ტრანზაქცია ერთ ადგილზე სრულდება, რაც კლიენტებს დროსაც უზოგავს და მათთვის საბანკო მომსახურებით სარგებლობასაც უფრო ეფექტურ და სასიამოვნო პროცესად აქცევს. ამ ფუნქციის ამოქმედების მიზნით, 250-ზე მეტი კლიენტთა მრჩევლის მაგიდა ნაღდი ფულისათვის განკუთვნილი სპეციალური უჯრით აღიჭურვა, ბანკის 58-ვე ფილიალში დაცვა-უსაფრთხოების სისტემა გაძლიერდა და კლიენტთა მრჩევლებმა შესაბამისი მომზადება გაიარეს.
ბანკმა “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” პირველად იანვარში დანერგა. მაშინ ახალ მომსახურებას კლიენტებს მხოლოდ რამდენიმე ფილიალი სთავაზობდა. ამჟამად ყველა ფილიალის დიზაინი ახალი მომსახურების კონცეფციის შესაბამისად შეიცვალა. ხოლო ის ფილიალები, რომლებიც წლის განმავლობაში გაიხსნება, განახლებული დიზაინის მიხედვით მოეწყობა და კლიენტებს ახალ მომსახურებას შესთავაზებს.
საშა ტერნესი, პროკრედიტ ბანკის დირექტორი: “სასიხარულოა იმის დანახვა, რომ ჩვენი მიზანი – ბანკის მომსახურება და პროცედურები საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით დავხვეწოთ, წარმატებით ხორციელდება. ამ მნიშვნელოვანი ინვესტიციით, ასევე ფილიალების ფართო ქსელით, რომელიც ჩვენი კლიენტების ინტერესების შესაბამისადაა აღჭურვილი და მოწყობილი, მათთან სიახლოვეს ვინარჩუნებთ და მათ ხარისხიან, სწრაფ და მოსახერხებელ საბანკო მომსახურებას ვთავაზობთ.”
|